დიპლომატიის სკოლის პროგრამა შედგენილია თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის 20 წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით. პროგრამის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრები. საბოლოოდ შეირჩა აუცილებელი საგნების ბლოკი, რომელთა მიზანია მსმენელისთვის საბაზისო წარმოდგენის შექმნა მსოფლიოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

სკოლის პირველი ეტაპი შედგება 4 კვირისგან და შემდეგ საგნებს მოიცავს:

  • საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები
  • დიპლომატიის ისტორია
  • ქართული დიპლომატიის ისტორია
  • პოლიტიკური იდეოლოგიები
  • საერთაშორისო ეკონომიკა
  • ეკონომიკის საწყისები
  • ეტიკეტი

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები

რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვისვაჟა-ფშაველაკოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი,
გიორგი მელაშვილი

გიორგი მელაშვილი

თითეული ჩვენგანი დღეს ცხოვრობს სრულიად ახალ, მანამდე არნახულად სამყაროში. სამყაროში, სადაც ყველაფერი, მოგვწონს თუ არა, გადაჯაჭვული და სულ უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებული ხდება. თითოეული ცხოვრებისეული აქტი, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის დაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების კურსის მთავარი მიზანი არის ამ კავშირების დანახვის ინტუიციის შექმნა.

რაც უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო მეტი ასეთი კავშირი წარმოიშვება – დღეს თითოეული ჩვენგანი იყენებს კომპიუტერს, რომელიც ჩინეთში დამზადებული დეტალებისგან არის აწყობილი და რომელზეც ამერიკაში დაწერილ პროგრამებს ვუშვებთ. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე, დინამიური და სულ უფრო „პატარა“ სამყაროს გარეშე. გლობალიზაციის შედეგები, მოგვწონს ისინი თუ არა, დღეს სახეზეა და ამ ერთიან სამყაროში ჩვენი ადგილის მისაგნებად აუცილებელია ვხედავდეთ უხილავ კავშირებსა და ფარდობით ეფექტებს.

საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, თითქმის ყოველთვის იმყოფებოდა იმპერიების, ცივილიზაციების გზაჯვარედინზე. გლობალური და უსაფრთხოების გარემო ჩვენს ირგვლივ იცვლება ძალიან სწრაფად – ის, რაც წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დღეს სამწუხარო რეალობად იქცა.

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები არის ერთგვარი რუკა, რომელიც ცდილობს ახსნას, თუ რა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე – მიუხედავად წარსულის შეცდომებისა, ჩვენ მაინც გვაქვს შანსი, რომ თავად განვსაზღვროთ ქვეყნის აწმყო და მომავალი.


პოლიტიკური იდეოლოგიები

Rezi Tophuria

რევაზ თოფურია

„იდეოლოგია სოციალურ მეცნიერებათა მთელ სისტემაში ყველაზე მოუხელთებელი ცნებაა“ – დევიდ მაკელანი

პოლიტიკური იდეოლოგიები – საგანი, რომელზეც მკვლევარებიც კი ვერ ყალიბდებიან და ვერ გვთავაზობენ ზუსტ დეფინიციას, რატომ უნდა ვისწავლოთ ის ჩვენ? რა შეხება აქვს პოლიტიკურ იდეოლოგიებს ჩვენთან?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ჩვენ, ნებით თუ უნებლიეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიტიკურად ვაზროვნებთ და ვიყენებთ არაერთ პოლიტიკურ ტერმინსა თუ იდეას ჩვენი შეხედულებების გამოსახატად. ხშირად გვესმის და თავადაც ვამბობთ სხვადასხვა კონტექსტში ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “თავისუფლება”, “სამართლიანობა”, “თანასწორობა” და ა.შ. შესაძლოა მშობელს კონსერვატორი ვუწოდოთ, იმიტომ რომ ის რაღაცის ნებას არ გვრთავს, ან სახლში 10 საათზე დაბრუნებას გვავალებს, ფიზიკის მასწავლებელი კი ტერმინ კომუნისტით შევამკოთ მისი ძველმოდური შეხედულებების გამო, მაგრამ ვაკეთებთ კი ამ ყველაფერს გააზრებულად? რას ნიშნავს კომუნისტი? ან რა არის თანასწორობა? ყველა ადამიანის თანაბარი უფლებები? თანაბარი სტატუსი? თანაბარი ხელფასი? ფაქტია, რომ ხშირად ვიყენებთ ბევრ პოლიტიკურ ტერმინს ისე, რომ მათი რეალური აზრი არ გვესმის, სწორედ იდეოლოგია გვეხმარება მათ ახსნაში, იდეოლოგია გვაჩვენებს, რა არის სწორი და რა – არა, რატომ მიიჩნევა ზოგი ადამიანი კონსერვატორად და ზოგი კომუნისტად, რას ნიშნავს თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა და ა.შ

პოლიტიკური იდეოლოგიები არის სკოლის მოსწავლეებისთვის სრულიად უცხო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საგანი. საგანი მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ახალი ტიპის აზროვნების ჩამოყალიბებას პოლიტიკურ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

კურსის განმავლობაში მოსწავლეები ეზიარებიან იდეოლოგიის აზრს, იდეის ძალას, მემარცხენე და მემარჯვენე შეხედულებებს, შეისწავლიან ლიბერალიზმს, სოციალიზმს და კონსერვატიზმს, ამ იდეოლოგიების წარმოშობის ისტორიას, განვლილ გზას, კლასიკურ და თანამედროვე ფორმებს. გაიგებენ, თუ რა როლს ანიჭებს თითოეული იდეოლოგია სახელმწიფოს, რამდენად ამახვილებენ ისინი ყურადღებას თავისუფლებაზე, ინდივიდუალიზმზე, თანასწორობაზე, კანონის უზენაესობაზე, საბაზრო ეკონომიკაზე, კერძო საკუთრებაზე.

თავისი არსით პოლიტიკური იდეოლოგიები საკმაოდ რთული და კომპლექსური საგანია, თუმცა ლექციები მომზადებულია სკოლის მოსწავლეებისთვის გასაგები ენით და თვალსაჩინო მაგალითებით.

კურსის მსვლელობისას მოსწავლეები არამარტო მოისმენენ ლექციებს, არამედ სემინარებზე თავადაც ექნებათ საშუალება უკეთ გაეცნონ კონკრეტულ იდეოლოგიას, სცადონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, შექმნან რომელიმე იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, წინასაარჩევნო პროგრამა და ოპონენტებთან იდეოლოგიური დებატებით შეეცადონ “ამომრჩევლის” გულის მოგებას.

საგნის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პოლიტიკურ კომპასზე გაივლიან შემოწმებას და ნახავენ თუ რომელ იდეოლოგიას ემხრობიან.

პოლიტიკური იდეოლოგიების სწავლის შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი, შეძლებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე ფაქტების ანალიზს, ექნებათ მეტი ცოდნა თავისუფლებაზე, ტოლერანტობაზე, სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებზე, ნათლად გაარჩევენ მემარჯვენე და მემარცხენე იდეებს და შეძლებენ არგუმენტირებულად დასაბუთებას თუ რომელი შეხედულებაა მცდარი და რომელი – მართალი. მიღებული ცოდნით კი მარტივად გამოიტანენ დასკვნას, მათი აზრით, რომელი პოლიტიკური იდეოლოგიაა უფრო ახლოს მათს მოსაზრებებთან.


ქართული დიპლომატიის ისტორია

შალვა ჩხეიძე

ილია ჭავჭავაძეს თავის პუბლიცისტურ წერილში „ერი და ისტორია“ საკმაოდ კარგად აქვს ახსნილი, თუ რისთვისაა საჭირო ვიცოდეთ წარსული – „ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს“. ისტორია ეს არის დაგროვილი გამოცდილება წარსულიდან, რომელიც უნდა შევისწავლოთ და გავაანალიზოთ, რათა არ დავუშვათ შეცდომები მომავალში.

ქართული დიპლომატიის ისტორიის კურსის განმავლობაში მოსწავლეები შეიწავლიან საქართველოს ისტორიას დიპლომატიის ჭირილში. ყურადღება უმეტესად გამახვილებული იქნება იმაზე, თუ რომელმა ისტორიულმა მოვლენემა შეცვალეს ქართული სახელმწიფოს განვითარების გზები. არსებობდა თუ არა მათი გადაჭრის ხერხები და რა ისტორიული შეცდომები იქნა დაშვებული იმ რთულ გზაზე, რაც საქართველომ გამოიარა. კურსი ნაკლებად ეხება ისეთ თემებსა და ასპექტებს, რომლებიც სასკოლო საანმამათლებლო ფარგლებშიც მიეწოდებათ მოსწავლეებს. რაც მთავარია, კურსის განმავლობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეების ჩართულობას ლექცია-სემინარებში, დებატებსა და ჯგუფურ მუშაობებს.

ქართული დიპლომატიის ისტორიის კურსი მოიცავს ეპოქას ფარნავაზიდან დღევანდელობამდე, თუმცა უფრო მეტად ყურადღება მახვილდება ორ კონკრეტულ პერიოდზე. ესენია: მე-18 საუკუნე (ვახტანგ VI, ერეკლე II) და მეოცე საუკუნე (1918-1921 წლების რესპუბლიკა და 1990-იანი წლები).


დიპლომატიის ისტორია

ნიკო ქელბაქიანი

დიპლომატიის ისტორია არ არის მსოფლიო ისტორიის გამეორება, ესაა მსოფლიო ისტორია დიპლომატიის ჭრილში. რა თქმა უნდა, ეს საგანი გარკვეულწილად მისდევს მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაზე და ზოგადად ახალი ტიპის აზროვნების ჩამოყალიბებაზე საერთაშორისო პოლიტიკაში.

ეს საგანი მოიცავს დიპლომატიის მოკლე ისტორიას ძველი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თუმცა დიპლომატია, დღევანდელი გაგებით, იწყება ბევრად უფრო გვიან, როდესაც ყალიბდება ახალი ტიპის სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესები. მსოფლიო ისტორიაში ეს ახალი ეტაპი კი იწყება მე-17 საუკუნეში 30-წლიანი ომისა და ვესტფალიის ზავის შემდეგ, როდესაც ყალიბდება სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა. ამ მოვლენებში დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთისა და მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებას, კარდინალ რიშელიეს, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკაში შემოიტანა „რეზონ დ’ეტა“ – სახელმწიფო ინტერესების იდეა.

დიპლომატიის ისტორიის კურსი ყურადღებას ამახვილებს მე-19 და მე-20 საუკუნეებში მომხდარ მასშტაბურ საომარ კონფლიქტებზე, კერძოდ კი, ნაპოლეონურ, პირველ და მეორე მსოფლიო ომებზე და ამ ომების შემდეგ ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგზე. დიპლომატიის სკოლის მოსწავლეები გაიგებენ მეტს მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებსა და მათში მონაწილე ცნობილ დიპლომატებზე: ტალეირანის დიპლომატიურ ოსტატობაზე, ვუდრო უილსონის ახალ იდეებზე, „დიდი სამეულის“ (უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ დელანო რუზველტი და იოსებ სტალინი) დაძაბულ მოლაპარაკებებზე.

Sandro Dolidze

სანდრო დოლიძე

პრაქტიკამ გვიჩვენა, თუ რამდენად განსხვავებული აზრი არსებობს დიპლომატის საქმიანობასა და მოვალეობებზე მოსწავლეებს შორის.
აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორია დიპლომატების ასპარეზის არეალად განიხილოს და მოსწავლეებს თვალნათლივ დაანახოს პოლიტიკური მოღვაწეების როლი სახელმწიფოთა ურთიერთობასა და ისტორიული სინამდვილის ჩამოყალიბებაში.

მსმენელები პრაქტიკულ მაგალითებზე დაინახავენ პოლიტიკური ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს.

პროგრამა ხაზს უსვამს ისტორიული მოვლენების მოქმედების პრინციპების მსგავსებას და მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა თავად შეძლონ ცნობილ ფაქტების შედარებით ერთიანი პატერნის გამოყოფა.
ცნობილი მოსაზრები თანახმად, ისტორია სპირალურად ვითარდება, ხოლო აღნიშნული კურსი ამ სპირალის ხვეულებს განიხილავს და თვალსაჩiნოს ხდის საერთო კანონზომიერებებს.

ამ პროექტს ეწოდება დიპლომატიის სკოლა და, შესაბამისად, სკოლის მოსწავლეები უნდა გაეცნონ დიპლომატიის ისტორიას და მსოფლიო ისტორია დაინახონ ახალი ჭრილით. ჩვენი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ მათ ჰქონდეთ უფრო ღრმა ცოდნა პოლიტიკასა და დიპლომატიაზე და მათ თავადაც შეეძლოთ, თავისუფლად იმსჯელონ ამ საკითხებზე.


ეკონომიკა

გურამ ლობჟანიძე

გურამ ლობჟანიძე

დიპლომატიის სკოლის ფარგლებში მოსწავლეები გაივლიან ეკონომიკის საფუძვლებისა და საერთაშორისო ეკონომიკის ცალკეულ ლექციებს. ამ საგნის მიზანია, რომ სტუდენტს შეექმნას ზოგადი წარმოდგენა ეკონომიკის საფუძვლებსა და განვითარების ისტორიაზე. განვმარტავთ ტერმინ „ეკონომიკას“. ეს ტერმინი ზოგისთვის შეიძლება უინტერესო ჩანდეს, თუმცა იმედია, კურსი მას აჩვენებს, რომ საკმაოდ საინტერესო მეცნიერებასთან აქვს საქმე. ეს საგანი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ დღეს საქართველოში აშკარად იგრძნობა ეკონომიკური განათლების დეფიციტი და მოთხოვნა კარგ ეკონომისტებზე საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, ეკონომისტობა საკმაოდ პერსპექტიული პროფესიაა. იმედია, დიპლომატიის სკოლის სტუდენტები დაინტერესდებიან ამ სფეროთი და მათი მოღვაწეობის დასაწყისი სწორედ ეს კურსი აღმოჩნდება.

კურსის განმავლობაში განვმარტავთ საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტურ ცნებებს (მოთხოვნა, მიწოდება, საბაზრო წონასწორობა, კონკურენცია და სხვ.). კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება, თუ რა იწვევს ნებისმიერ საბაზრო ურთიერთობას, მათ შორის ნებისმიერ პროდუქტზე ფასის დადგენასაც.
გარდა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების მოკლე მიმოხილვისა, კურსის ფარგლებში, შევეხებით მსოფლიოს ქვეყნების მდგომარეობას სიმდიდრის მიხედვით. სტუდენტები გაიცნობენ ქვეყნების სიმდიდრის მიხედვით დალაგების სხვადასხვა ვარიანტს და იქნება ინტერაქტიული ლექციები და მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მათგანია ოპტიმალური და ობიექტური.

ირაკლი ქორქია

ირაკლი ქორქია

კურსის მანძილზე ერთი ლექცია დაეთმობა საერთაშორისო ეკონომიკასაც. განსახილველი თემა იქნება საერთაშრისო ვაჭრობა. სტუდენტებს მიეცემათ საშუალება გაიგონ, თუ რა იწვევს ქვეყანათა შორის ვაჭრობას. აგრეთვე, ლექციის დიდი ნაწილი შეეხება გავრცელებულ სადებატო საკითხს: მთავრობის ჩარევა / არ ჩარევას ქვეყნის ვაჭრობაში.
ბოლო ლექცია იქნება ეკონომიკის განვითარების ისტორიის კურსიდან და მასში იქნება განხილული ის ინსტიტუციონალური და იდეოლოგიური ჩარჩოები, რომლებშიც ექცევა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა. ბოლო ლექცია იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მოხდება დასკვნების მორგება საქართველოს შემთხვევაზეც. სტუდენტებს ექნებათ საშუალება თავად დააფიქსირონ აზრი, თუ რა იდეოლოგია თუ ინსტიტუტია საჭირო საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.

ლექციის მასალის გარდა, სტუდენტებს ჩაუტარდებათ სემინარებიც, რომელთა დროსაც მოხდება დღეისათვის არსებული ადგილობრივი და გლობალური პრობლემების ინტენსიური განხილვა. იქნება მსჯელობა საქართველოში ლარის დევალვაციაზე, ექსპორტის შემცირებაზე, ბიუჯეტის პრობლემებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
კურსის ბოლოს სტუდენტებს ჩაუტარდებათ გამოცდა, რომელშიც იქნება ხუთი ტესტური შეკითხვა. გამოცდის შედეგად გამოვლინდება, თუ რამდენად მოახერხა სტუდენტმა განვლილი მასალის ათვისება. თავად ამ ოთხი ლექციის მასალა საკმაოდ დიდია და რეალურად მხოლოდ 4 საათი არაა მათი ღრმა ანალიზისთვის, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ სტუდენტთა დიდი ნაწილი საკმაოდ მაღალ ერუდიციას და მიხვედრილობას ამჟღავნებს საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე ყოფნის დროს. წარმატებებს გისურვებთ!


ეტიკეტი

ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

ნათქვამია, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ეტიკეტის საგნის შესწავლა დიპლომატიის სკოლის ყველა მოსწავლეს სწორედ „იქაური ქუდის“ დახურებაში ეხმარება. თუმცა აუცილებელი არაა, სხვა ქვეყანაში წახვიდე, რომ ეს ცოდნა გამოგადგეს – არც ისაა აუცილებელი, რომ დიპლომატი იყო. ეტიკეტის შესწავლა საინტერესო და საჭიროა ყველა ადამიანისთვის, ვისაც სურს, პატივი სცეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და შემთხვევით უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს ელემენტარული წესების არცოდნის გამო.

ეტიკეტის კარგად ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისთვის, დიპლომატისთვის, პოლიტიკოსისთვის და, უბრალოდ, ზრდილობიანი ადამიანისთვის. ეტიკეტი არის ის დაწერილი თუ დაუწერელი წესები, რომლითაც მაღალი რანგის ადამიანები ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ტიპის შეხვედრაზე: როგორ უნდა შეხვდე სხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიპლომატს, რა ჩაიცვა, როგორ მოიქცე სუფრასთან, რაზე ისაუბრო, რით გაუმასპინძლდე – შესაძლოა ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, თუმცა ნამდვილად არაა მარტივი საქმე. ამას ისიც მოწმობს, რომ ხშირად დიდი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები სპეციალურ კურსს გადიან ეტიკეტის შესასწავლად, ჰყავთ აყვანილი კერძო მასწავლებელი.

სოფო შარიქაძე

სოფო შარიქაძე

დიპლომატიის სკოლაში ეტიკეტის კურსის ფარგლებში მოსწავლეები ჩვენთვის ჩვეულებრივ, დასავლურ, ეტიკეტთან ერთად, ეცნობიან აღმოსავლურ ეტიკეტსაც, რაც საკმაოდ უცხო და საინტერესოა მათთვის. აღმოსავლეთი განსაკუთრებულია ამ საკითხში ტრადიციების, ჟესტებისა და მიმიკების ენის მრავალფეროვნების გამო. აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს უფრო წინ აყენებს და ცდილობს, რომ ისინი ორგანულად იყოს შერწყმული დასავლურ სტილთან.

რა თქმა უნდა, კურსის ფარგლებში შეუძლებელია, რომ ყველა აღმოსავლური ქვეყანა დაწვრილებით განვიხილოთ ეტიკეტის მხრივ, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ცოდნასაც შედარებით უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. სწავლის პროცესი რომ უფრო სახალისო და ადვილად დასამახსოვრებელი იყოს, ვცდილობთ, ვიზუალურად გადმოვცეთ ეს ყველაფერი ფოტოების, ვიდეოების, სხეულის ენისა და მიმიკების საშუალებით.

ამდენად, ეტიკეტი ჩვენი სკოლის მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საგანია, რადგან დიდი რაოდენობის მეტად საჭირო ინფორმაციას მცირე დროში ძალიან კარგად, სახალისოდ და მარტივად ითვისებენ.